Wednesday 21 November 2012

ქვემო ქართლში საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყო


ოქტომბრის თვეში დასრულებულ საგრანტო კონკურსში ქვემო ქართლის რეგიონში 7 პროექტი დაფინანსდა.  რეგიონში უკვე აქტიურად დაიწყო საგრანტო პროექტების განხორციელება. 20 ნოემბერს მარტყოფის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ლაშა ახობაძის ხელმძღვანელობით განახორციელა საგრანტო პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება“ პირველი აქტივობა - სკოლის პედაგოგმა მარიკა სოლღაშვილმა მარტყოფის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ტრენინგზე, რომელსაც ორივე სკოლიდან 34 მოსწავლე ესწრებოდა, განხილული იქნა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობა, ინფეციური დაავადებები და მათი გადადების გზები, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის მავნე გავლენა ორგანიზმზე. ტრენინგი ინტერაქტიულად მიმდინარეობდა, მოსწავლეების მხრიდან დიდი იყო ინტერესი განხილული საკითხებისადმი, გაიმართა დისკუსია მავნე ჩვევების შესახებ.
            ტრენინგს დაესწრო ქვემო ქართლში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პარტნიორი ორგანიზაციის სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის  წარმომადგენლები, რომლებმაც სამოქალაქო კლუბების წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებისა და ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ინტერკულტურული საღამოები

31 ოქტომბერს თბილისის ფრანგულ ინსტიტუტში მოეწყო ინტერკულტურული საღამო, რომელსაც გამარჯვების სკოლის 20-მდე მოსწავლე დაესწრო. საღამოს მიზანი იყო ფრანგული კულტურისა და ლიტერატურის გაცნობა. ინსტიტუტის მედიათეკამ ფრანგული ლიტერატურის კოლექცია გადასცა საჩუქრად მოსწავლეებს. 
6 ნოემბერს უკვე გამარჯვების სკოლაში მოეწყო ღონისძიება თემაზე "ლონდონი-პარიზი-თბილისი", რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა მასწავლებელმა შენკა მანგაჰასმა.
შემდგარი ღონისძიებებით მოსწავლეებმა უფრო მეტი შეიტყვეს ინგლისური და ფრანგული კულტურისა და ლიტერატურის შესახებ და მათი დაინტერესებაც გაიზარდა ამ მხრივ.

Monday 19 November 2012

გამარჯვების სკოლა სტუმრად დამეგობრებულ კარაბულახის სკოლასთან

2012 წლის 6 ნოემბერს, გამარჯვების საჯარო სკოლის 20-მდე მოსწავლე  სტუმრობდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაბულახის საჯარო სკოლას. ეს სკოლები ჩართულნი არიან დამეგობრების პროგრამაში და სტუმრობის მიზანი გახლდათ ეროვნული უმცირესობების ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია, ურთიერთ ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა.  სოფლის მართლმადიდებლურ ტაძარში შესრულდა საგალობლები. ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია აზერბაიჯანელმა და ქართველმა მოსწაავლეებმა ერთად დაასუფთავეს. 
ამ ღონისძიების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩაატარა გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგმა ნარგიზა ჯაჭვაძემ, რომელიც ასევე მუშაობს კარაბულახის საჯარო სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის "ქართული, როგორც მეორე ენა'' ფარგლებში. 
ღია გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოეწყო ექსკურსია დმანისის ნაქალაქარზე. სულ ამ ღონისძიებაში ორივე სკოლიდან 60-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 
 2012 წლის მაისში, კარაბულახის სკოლამ  მსგავსი ვიზიტი განახორციელა გამარჯვების სკოლაში. 

Saturday 17 November 2012

კლუბ "მთიების" წევრები სტუმრად ნორიოს ბავშვთა სახლში

13 ნოემბერს ნორიოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "მთიები" წევრები კლუბის მეურვესთან ერთად ესტუმრნენ ნორიოს ბავშვთა სახლს, სადაც დახვდათ 3 ბენეფიციარი და მათი აღმზრდელი. ეს შეხვედრა მიეძღვნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს. კლუბის წევრების სტუმრობის მიზანი იყო ბავშვთა სახლის თანატოლებთან დაახლოება, საუბარი თინეიჯერების პრობლემებზე, საერთო ინტერესებზე მუსიკისა დ ალიტერატურის განხრით. ბავთა სახლში გატარებულმა 2 საათმა ორივე მხარისთვის პოზიტიური შედეგი გამოიღო.