Thursday 3 October 2013

ტრენინგი საგრანტო პროექტის აპლიკაციების შევსებასთან დაკავშირებით მარტყოფის #1 საჯარო სკოლაში

ა/წ 27 სექტემბერს მარტყოფის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი საგრანტო პროექტის აპლიკაციის წერასთან დაკავშირებით. ტრენინგს უძღვებოდა პროგრამის კოორდინატორი ცირა თავშავაძე. კლუბის 15 წევრი გაეცნო აპლიკაციის ონლაინში შევსების პროცესს, თანამონაწილეობის წერილებს. გაივარჯიშეს პროექტის ბიუჯეტის შედგენასა და პროექტის გეგმის გაწერაში.  ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამიყენებენ მცირე საგრანტო პროექტების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში პროექტების განაცხადის გადაგზავნის ბოლო დღე 6 ოქტომბერია. 

მარტყოფის #1 სკოლის სამოქალაქო კლუბი ახალი ძალებით იწყებს მუშაობას

ა/წ 27 სექტემბერს სიქა-ს გუნდი ეწვია მარტყოფის #1 საჯარო სკოლას.  სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროგრამის კოორდინატორებთან  ერთად განიხილეს პროგრამის პრიორიტეტები და კლუბის მუშაობის სტილი.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად კლუბი ახალი ძალებით მუშაობას გეგმავს, ახალი წევრები შეიმატეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.  
შეხვედრაზე კლუბის წევრებმა იმსჯელეს თემში არსებულ პრობლებემებზე და კლუბის როლზე ამ პრობლემის მოგვარებაში.
ერთად დაგეგმეს კონკრეტული აქტივობები და შეიმუშავეს წლის სამოქმედო გეგმა. 

Friday 5 April 2013

სოფ.კუმისის სასკოლო სამოქალაქო კლუბის ინიციატივით საბავშვო ბაღის პრობლემა მოგვარებულია


სამოქალაქო კლუბქველი“ს წევრებმა თემის საჭიროებების კვლევით დაადგინეს, რომ  არსებულ პრობლემათაგან ყველაზე მნიშველოვი სოფლის საბავშვო ბაგა-ბაღის წყლით მომარაგების პრობლემა:
ბაგა-ბაღის  სასმელი წყლის სათავე ნაგებობა წლებია მწყობრიდანაა გამოსული. ამის გამო ბაღის სამზარეულოს  თანამშრომლები იძულებულები არიან ბავშვების საკვების მომზადებისათვის წყალი მოიტანონ სოფლის წყაროდან, რომელიც ბაღის შენობიდან მოშორებით მდებარეობსამ პრობლემის გამო საბავშვო ბაღის პერსონალს დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდებოდათ ბავშვების ჰიგიენური პირობების დაცვისთვის.
     როგორც კლუბის წევრებმა გაარკვიეს, პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო იყო დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობის დემონტაჟი და ახლით შეცვლა. ასევე უნდა შეცვლილიყო წყაროს სათავიდან ბაღის შენობამდე წყლის მიწოდების სისტემა. ამ პრობლემის მოგვარებით ისარგებლებდნენ ბაღის 60 აღსაზრდელი და 10 თანამშრომელი.
 კლუბმა წერილობით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას და დახმარება სთხოვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. საკრებულოს დეპუტატი ვეფხია ქობულაძე  თვითონ ეწვია სკოლაში კლუბის წარმომადგენლებს. შეხვედრისას კლუბის წევრებმა და საკრებულოს დეპუტატმა ერთობლივად შეიმუშავეს პრობლემის მოსაგვარებლად ჩასატარებელი სამუშაოს შესრულების განრიგი.
 საბავშვო ბაგა-ბაღის წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვნენ კუმისის სკოლის დირექტორი ლელა ქობულაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და  თემის წევრები. თემის წევრმა გელა აპუაშვილმა საკუთარი ხარჯით დაამზადა სასმელი წყლის გამანაწილებელი ახალი ავზი. ასევე ადგილობრივი თემის წევრმა იმედა საყევარაშვილმა კი დახმარება გაწია საჭირო რაოდენობის ქვიშისა და ცემენტის მასალით. წყლის მილები შეძენილ იქნა სკოლის დირექტორისა და საკრებულოს დეპუტატის ვეფხია ქობულაძის ხელშეწყობით.
    წყლის დაზიანებული გამანაწილებლის ახლით შესაცვლელად საჭირო იყო ძველი ავზის გარშემო არსებული ბეტონის კედლების მონგრევა და ტერიტორიის მომზადება ახალი ავზის სამონტაჟო სამუშაოს შესრულებისათვის. მოსწავლეებმა თემის წევრებთან ერთად შეასრულეს ზემოთ აღნიშნული სამუშაოები. გარდა ამისა საბავშვო ბაგა-ბაღის შენობიდან სათავე ნაგებობის მოწყობის ადგილამდე მიიყვანეს პლასტმასის მილი წყლის მისაწოდებლად. სამუშაოებს პირადად ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატი ვეფხია ქობულაძე და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი დავითაშვილი.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად კუმისის საბავშვო ბაგა-ბაღს მოუგვარდა წყლის პრობლემა - წყალი ბაღის შენობაში უკვე შემოყვანილია და ბაღის თანამშრომლებს აღარ მოუწევთ წყლის მოტანა წყაროდან და ამით გაუადვილდებათ აღსაზრდელებისთვის ჰიგიენური პირობების დაცვა.

კუმისის საბავშვო ბაგა-ბაღს ახალი წყალგაყვანილობით უკვე თვითდინებით მიეწოდება წყაროს წყალი. ახლა მოსაწესრიგებელია ბაღის შენობის შიდა წყალგაყვანილობა (წყლის სისტემა). ამ პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ დახმარება აღუთქვა ბაღის თანამშრომლებს.
„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამამ“ სტიმული მოგვცა და გვასწავლა, თუ როგორ გაგვეკეთებინა სოფლისათვის სასიკეთო საქმე ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. მომავალში,  ამ ახალი გამოცდილებით , იმედი გვაქვს კიდევ უფრო დიდ პრობელემბის მოგვარებაში დავეხმარებით კუმისს“ - განაცხადეს კლუბ ქველის წევრებმა გვანცა ოლქიაშვილმა და გიორგი სუხიაშვილმა.

Monday 11 March 2013

საბავშვო მოედნის მოწესრიგება

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე სკოლების სასკოლო სამოქალაქო კლუბები ქვემო ქართლის რეგიონში, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-ს დახმარებით, აქტიურად განაგრძობენ თემის საჭიროებების კვლევას, პრობლემებზე მუშაობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "Creative Teenagers" განახორციელა აქტივობა "გავაუმჯობესოთ გარემო თემში" (11 თებერვალი-7 მარტი). კლუბმა მიზნად დაისახა ქ.გარდაბნის ერთ-ერთი უბნის, კერძოდ ე.წ. 9 სართულიანი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კომისარიატის გვერდით მდებარე საბავშვო მოედნის დასუფთავება და არსებული ინვენტარის შეღებვა, რადგან დანაგვიანებული და არაკეთილმოწყობილი პარკი ვერ ასრულებდა მის დანიშნულებას - ქალაქის მცირეწლოვან მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ საშუალება სუფთა ჰაერზე სახალისოდ და აქტიურად დაესვენათ.

2013 წლის 20 თებერვალს სამოქალაქო კლუბის წევრებმა აქტივობის განხორციელებაში დახმარებისათვის განცხადებით მიმართეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს ბატონ ზაზა ონიანს.

ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთო თემში არსებული პრობლემის მოგვარებაში. საკრებულოს თავჯდომარემ ზაზა ონიანმა კლუბი მოამარაგა ერთჯერადი ხელთათათმანებით, საღებავითა და ფუნჯებით, დასუფთავების სამსახურის უფროსმა გურამ ქიხაძემ აქცია უზრუნველყო შესაბამისი შრომის იარაღებითა და ნაგვის მანქანით. ხოლო გარდაბნის #1 საჯარო სკოლის დერექტორმა ნანა თარალაშვილმა აქციისთვის კლუბს შეუძინა საღებავები და ფუნჯები.
2013 წლის 28 თებერვალს დილის 10 საათზე დაიწყო დასუფთავების აქცია. გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის 25 წევრი შეიკრიბა დათქმულ ადგილას, თან ახლდათ კლუბის მეურვე ნანა ყანდიაშვილი და ხელოვნების პედაგოგი ქეთინო ღუღუნიშვილი.
კლუბის წევრებმა დაასუფთავეს საკმაოდ დიდი ტერიტორია, სკვერი გაწმინდეს ნაგვის ნარჩენებისგან, ხეებს მოაცილეს ცელოფნები, შეღებეს სკამები, ბავშვების საქანელები.
შედეგად მოწესრიგდა და გალამაზდა საბავშვო მოედანი, რომელიც გაზაფხულის დადგომისთანავე ბავშვების საყვარელ გასართობ ადგილად იქცევა.

Monday 14 January 2013

ვახტანგისის #1 საჯარო სკოლის ძალისხმევით სკოლის წინა გამავალ გზაზე მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერები მოეწყო


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ვახტანგისის #1 აზერბაიჯანული სკოლა ვახტანგისის მთავარ გზატკეცილთან მდებარეობს. სოფელში რამდენიმე წელია დააგეს ახალი გზატკეცილი. კარგი საავტომობილო გზის გამო გაიზარდა ავტომობილების მოძრაობა სკოლასთან გამავალ გზაზე.  თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სიკეთესთან ერთად გზის შეკეთებას მოჰყვა ავტო ავარიების ზრდაც, რაც ხშირად ფატალურად სრულდებოდა. გასული პერიოდის განმავლობაში სოფლის რამდენიმა მაცხოვრებელი, მათ შორის მოსწავლეებიც, იმსხვერპლა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო კატასტროფებმა.
ვახტანგისის #1 საჯარო სკოლის   სამოქალაქო კლუბის წევრებმა  სკოლის დირექტორთან - ლალი ონიანთან ერთად თხოვნით მიმართეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის  გამგეობას , მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერების მოწყობის  შესახებ. ვინაიდან სკოლა მდებარეობს გზის პირას და აუცილებელი იყო  უსაფრთხოების დაცვა.
რაიონულ გამგეობასთან თანამშრომლობამ წარმატებით ჩაიარა და 2012  წლის ოქტომბრის თვეში სკოლის წინ გააკეთეს საავტომობილო გზაზე მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერები. იმედია სკოლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით მიღწეული შედეგი - მოძრაობის სემაფერხებელი ბარიერები - უსაფრთხოს გახდის სკოლის წინ გზატკეცილზე მოძრაობას.

Wednesday 21 November 2012

ქვემო ქართლში საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყო


ოქტომბრის თვეში დასრულებულ საგრანტო კონკურსში ქვემო ქართლის რეგიონში 7 პროექტი დაფინანსდა.  რეგიონში უკვე აქტიურად დაიწყო საგრანტო პროექტების განხორციელება. 20 ნოემბერს მარტყოფის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ლაშა ახობაძის ხელმძღვანელობით განახორციელა საგრანტო პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება“ პირველი აქტივობა - სკოლის პედაგოგმა მარიკა სოლღაშვილმა მარტყოფის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ტრენინგზე, რომელსაც ორივე სკოლიდან 34 მოსწავლე ესწრებოდა, განხილული იქნა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობა, ინფეციური დაავადებები და მათი გადადების გზები, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის მავნე გავლენა ორგანიზმზე. ტრენინგი ინტერაქტიულად მიმდინარეობდა, მოსწავლეების მხრიდან დიდი იყო ინტერესი განხილული საკითხებისადმი, გაიმართა დისკუსია მავნე ჩვევების შესახებ.
            ტრენინგს დაესწრო ქვემო ქართლში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პარტნიორი ორგანიზაციის სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის  წარმომადგენლები, რომლებმაც სამოქალაქო კლუბების წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებისა და ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ინტერკულტურული საღამოები

31 ოქტომბერს თბილისის ფრანგულ ინსტიტუტში მოეწყო ინტერკულტურული საღამო, რომელსაც გამარჯვების სკოლის 20-მდე მოსწავლე დაესწრო. საღამოს მიზანი იყო ფრანგული კულტურისა და ლიტერატურის გაცნობა. ინსტიტუტის მედიათეკამ ფრანგული ლიტერატურის კოლექცია გადასცა საჩუქრად მოსწავლეებს. 
6 ნოემბერს უკვე გამარჯვების სკოლაში მოეწყო ღონისძიება თემაზე "ლონდონი-პარიზი-თბილისი", რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა მასწავლებელმა შენკა მანგაჰასმა.
შემდგარი ღონისძიებებით მოსწავლეებმა უფრო მეტი შეიტყვეს ინგლისური და ფრანგული კულტურისა და ლიტერატურის შესახებ და მათი დაინტერესებაც გაიზარდა ამ მხრივ.