Monday 11 March 2013

საბავშვო მოედნის მოწესრიგება

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე სკოლების სასკოლო სამოქალაქო კლუბები ქვემო ქართლის რეგიონში, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-ს დახმარებით, აქტიურად განაგრძობენ თემის საჭიროებების კვლევას, პრობლემებზე მუშაობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "Creative Teenagers" განახორციელა აქტივობა "გავაუმჯობესოთ გარემო თემში" (11 თებერვალი-7 მარტი). კლუბმა მიზნად დაისახა ქ.გარდაბნის ერთ-ერთი უბნის, კერძოდ ე.წ. 9 სართულიანი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კომისარიატის გვერდით მდებარე საბავშვო მოედნის დასუფთავება და არსებული ინვენტარის შეღებვა, რადგან დანაგვიანებული და არაკეთილმოწყობილი პარკი ვერ ასრულებდა მის დანიშნულებას - ქალაქის მცირეწლოვან მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ საშუალება სუფთა ჰაერზე სახალისოდ და აქტიურად დაესვენათ.

2013 წლის 20 თებერვალს სამოქალაქო კლუბის წევრებმა აქტივობის განხორციელებაში დახმარებისათვის განცხადებით მიმართეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს ბატონ ზაზა ონიანს.

ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთო თემში არსებული პრობლემის მოგვარებაში. საკრებულოს თავჯდომარემ ზაზა ონიანმა კლუბი მოამარაგა ერთჯერადი ხელთათათმანებით, საღებავითა და ფუნჯებით, დასუფთავების სამსახურის უფროსმა გურამ ქიხაძემ აქცია უზრუნველყო შესაბამისი შრომის იარაღებითა და ნაგვის მანქანით. ხოლო გარდაბნის #1 საჯარო სკოლის დერექტორმა ნანა თარალაშვილმა აქციისთვის კლუბს შეუძინა საღებავები და ფუნჯები.
2013 წლის 28 თებერვალს დილის 10 საათზე დაიწყო დასუფთავების აქცია. გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის 25 წევრი შეიკრიბა დათქმულ ადგილას, თან ახლდათ კლუბის მეურვე ნანა ყანდიაშვილი და ხელოვნების პედაგოგი ქეთინო ღუღუნიშვილი.
კლუბის წევრებმა დაასუფთავეს საკმაოდ დიდი ტერიტორია, სკვერი გაწმინდეს ნაგვის ნარჩენებისგან, ხეებს მოაცილეს ცელოფნები, შეღებეს სკამები, ბავშვების საქანელები.
შედეგად მოწესრიგდა და გალამაზდა საბავშვო მოედანი, რომელიც გაზაფხულის დადგომისთანავე ბავშვების საყვარელ გასართობ ადგილად იქცევა.

No comments:

Post a Comment