Thursday, 3 October 2013

ტრენინგი საგრანტო პროექტის აპლიკაციების შევსებასთან დაკავშირებით მარტყოფის #1 საჯარო სკოლაში

ა/წ 27 სექტემბერს მარტყოფის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი საგრანტო პროექტის აპლიკაციის წერასთან დაკავშირებით. ტრენინგს უძღვებოდა პროგრამის კოორდინატორი ცირა თავშავაძე. კლუბის 15 წევრი გაეცნო აპლიკაციის ონლაინში შევსების პროცესს, თანამონაწილეობის წერილებს. გაივარჯიშეს პროექტის ბიუჯეტის შედგენასა და პროექტის გეგმის გაწერაში.  ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამიყენებენ მცირე საგრანტო პროექტების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში პროექტების განაცხადის გადაგზავნის ბოლო დღე 6 ოქტომბერია. 

მარტყოფის #1 სკოლის სამოქალაქო კლუბი ახალი ძალებით იწყებს მუშაობას

ა/წ 27 სექტემბერს სიქა-ს გუნდი ეწვია მარტყოფის #1 საჯარო სკოლას.  სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროგრამის კოორდინატორებთან  ერთად განიხილეს პროგრამის პრიორიტეტები და კლუბის მუშაობის სტილი.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად კლუბი ახალი ძალებით მუშაობას გეგმავს, ახალი წევრები შეიმატეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.  
შეხვედრაზე კლუბის წევრებმა იმსჯელეს თემში არსებულ პრობლებემებზე და კლუბის როლზე ამ პრობლემის მოგვარებაში.
ერთად დაგეგმეს კონკრეტული აქტივობები და შეიმუშავეს წლის სამოქმედო გეგმა. 

Friday, 5 April 2013

სოფ.კუმისის სასკოლო სამოქალაქო კლუბის ინიციატივით საბავშვო ბაღის პრობლემა მოგვარებულია


სამოქალაქო კლუბქველი“ს წევრებმა თემის საჭიროებების კვლევით დაადგინეს, რომ  არსებულ პრობლემათაგან ყველაზე მნიშველოვი სოფლის საბავშვო ბაგა-ბაღის წყლით მომარაგების პრობლემა:
ბაგა-ბაღის  სასმელი წყლის სათავე ნაგებობა წლებია მწყობრიდანაა გამოსული. ამის გამო ბაღის სამზარეულოს  თანამშრომლები იძულებულები არიან ბავშვების საკვების მომზადებისათვის წყალი მოიტანონ სოფლის წყაროდან, რომელიც ბაღის შენობიდან მოშორებით მდებარეობსამ პრობლემის გამო საბავშვო ბაღის პერსონალს დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდებოდათ ბავშვების ჰიგიენური პირობების დაცვისთვის.
     როგორც კლუბის წევრებმა გაარკვიეს, პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო იყო დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობის დემონტაჟი და ახლით შეცვლა. ასევე უნდა შეცვლილიყო წყაროს სათავიდან ბაღის შენობამდე წყლის მიწოდების სისტემა. ამ პრობლემის მოგვარებით ისარგებლებდნენ ბაღის 60 აღსაზრდელი და 10 თანამშრომელი.
 კლუბმა წერილობით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას და დახმარება სთხოვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. საკრებულოს დეპუტატი ვეფხია ქობულაძე  თვითონ ეწვია სკოლაში კლუბის წარმომადგენლებს. შეხვედრისას კლუბის წევრებმა და საკრებულოს დეპუტატმა ერთობლივად შეიმუშავეს პრობლემის მოსაგვარებლად ჩასატარებელი სამუშაოს შესრულების განრიგი.
 საბავშვო ბაგა-ბაღის წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვნენ კუმისის სკოლის დირექტორი ლელა ქობულაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და  თემის წევრები. თემის წევრმა გელა აპუაშვილმა საკუთარი ხარჯით დაამზადა სასმელი წყლის გამანაწილებელი ახალი ავზი. ასევე ადგილობრივი თემის წევრმა იმედა საყევარაშვილმა კი დახმარება გაწია საჭირო რაოდენობის ქვიშისა და ცემენტის მასალით. წყლის მილები შეძენილ იქნა სკოლის დირექტორისა და საკრებულოს დეპუტატის ვეფხია ქობულაძის ხელშეწყობით.
    წყლის დაზიანებული გამანაწილებლის ახლით შესაცვლელად საჭირო იყო ძველი ავზის გარშემო არსებული ბეტონის კედლების მონგრევა და ტერიტორიის მომზადება ახალი ავზის სამონტაჟო სამუშაოს შესრულებისათვის. მოსწავლეებმა თემის წევრებთან ერთად შეასრულეს ზემოთ აღნიშნული სამუშაოები. გარდა ამისა საბავშვო ბაგა-ბაღის შენობიდან სათავე ნაგებობის მოწყობის ადგილამდე მიიყვანეს პლასტმასის მილი წყლის მისაწოდებლად. სამუშაოებს პირადად ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატი ვეფხია ქობულაძე და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი დავითაშვილი.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად კუმისის საბავშვო ბაგა-ბაღს მოუგვარდა წყლის პრობლემა - წყალი ბაღის შენობაში უკვე შემოყვანილია და ბაღის თანამშრომლებს აღარ მოუწევთ წყლის მოტანა წყაროდან და ამით გაუადვილდებათ აღსაზრდელებისთვის ჰიგიენური პირობების დაცვა.

კუმისის საბავშვო ბაგა-ბაღს ახალი წყალგაყვანილობით უკვე თვითდინებით მიეწოდება წყაროს წყალი. ახლა მოსაწესრიგებელია ბაღის შენობის შიდა წყალგაყვანილობა (წყლის სისტემა). ამ პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ დახმარება აღუთქვა ბაღის თანამშრომლებს.
„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამამ“ სტიმული მოგვცა და გვასწავლა, თუ როგორ გაგვეკეთებინა სოფლისათვის სასიკეთო საქმე ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. მომავალში,  ამ ახალი გამოცდილებით , იმედი გვაქვს კიდევ უფრო დიდ პრობელემბის მოგვარებაში დავეხმარებით კუმისს“ - განაცხადეს კლუბ ქველის წევრებმა გვანცა ოლქიაშვილმა და გიორგი სუხიაშვილმა.

Monday, 11 March 2013

საბავშვო მოედნის მოწესრიგება

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე სკოლების სასკოლო სამოქალაქო კლუბები ქვემო ქართლის რეგიონში, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-ს დახმარებით, აქტიურად განაგრძობენ თემის საჭიროებების კვლევას, პრობლემებზე მუშაობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "Creative Teenagers" განახორციელა აქტივობა "გავაუმჯობესოთ გარემო თემში" (11 თებერვალი-7 მარტი). კლუბმა მიზნად დაისახა ქ.გარდაბნის ერთ-ერთი უბნის, კერძოდ ე.წ. 9 სართულიანი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კომისარიატის გვერდით მდებარე საბავშვო მოედნის დასუფთავება და არსებული ინვენტარის შეღებვა, რადგან დანაგვიანებული და არაკეთილმოწყობილი პარკი ვერ ასრულებდა მის დანიშნულებას - ქალაქის მცირეწლოვან მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ საშუალება სუფთა ჰაერზე სახალისოდ და აქტიურად დაესვენათ.

2013 წლის 20 თებერვალს სამოქალაქო კლუბის წევრებმა აქტივობის განხორციელებაში დახმარებისათვის განცხადებით მიმართეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს ბატონ ზაზა ონიანს.

ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთო თემში არსებული პრობლემის მოგვარებაში. საკრებულოს თავჯდომარემ ზაზა ონიანმა კლუბი მოამარაგა ერთჯერადი ხელთათათმანებით, საღებავითა და ფუნჯებით, დასუფთავების სამსახურის უფროსმა გურამ ქიხაძემ აქცია უზრუნველყო შესაბამისი შრომის იარაღებითა და ნაგვის მანქანით. ხოლო გარდაბნის #1 საჯარო სკოლის დერექტორმა ნანა თარალაშვილმა აქციისთვის კლუბს შეუძინა საღებავები და ფუნჯები.
2013 წლის 28 თებერვალს დილის 10 საათზე დაიწყო დასუფთავების აქცია. გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის 25 წევრი შეიკრიბა დათქმულ ადგილას, თან ახლდათ კლუბის მეურვე ნანა ყანდიაშვილი და ხელოვნების პედაგოგი ქეთინო ღუღუნიშვილი.
კლუბის წევრებმა დაასუფთავეს საკმაოდ დიდი ტერიტორია, სკვერი გაწმინდეს ნაგვის ნარჩენებისგან, ხეებს მოაცილეს ცელოფნები, შეღებეს სკამები, ბავშვების საქანელები.
შედეგად მოწესრიგდა და გალამაზდა საბავშვო მოედანი, რომელიც გაზაფხულის დადგომისთანავე ბავშვების საყვარელ გასართობ ადგილად იქცევა.

Monday, 14 January 2013

ვახტანგისის #1 საჯარო სკოლის ძალისხმევით სკოლის წინა გამავალ გზაზე მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერები მოეწყო


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ვახტანგისის #1 აზერბაიჯანული სკოლა ვახტანგისის მთავარ გზატკეცილთან მდებარეობს. სოფელში რამდენიმე წელია დააგეს ახალი გზატკეცილი. კარგი საავტომობილო გზის გამო გაიზარდა ავტომობილების მოძრაობა სკოლასთან გამავალ გზაზე.  თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სიკეთესთან ერთად გზის შეკეთებას მოჰყვა ავტო ავარიების ზრდაც, რაც ხშირად ფატალურად სრულდებოდა. გასული პერიოდის განმავლობაში სოფლის რამდენიმა მაცხოვრებელი, მათ შორის მოსწავლეებიც, იმსხვერპლა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო კატასტროფებმა.
ვახტანგისის #1 საჯარო სკოლის   სამოქალაქო კლუბის წევრებმა  სკოლის დირექტორთან - ლალი ონიანთან ერთად თხოვნით მიმართეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის  გამგეობას , მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერების მოწყობის  შესახებ. ვინაიდან სკოლა მდებარეობს გზის პირას და აუცილებელი იყო  უსაფრთხოების დაცვა.
რაიონულ გამგეობასთან თანამშრომლობამ წარმატებით ჩაიარა და 2012  წლის ოქტომბრის თვეში სკოლის წინ გააკეთეს საავტომობილო გზაზე მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერები. იმედია სკოლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით მიღწეული შედეგი - მოძრაობის სემაფერხებელი ბარიერები - უსაფრთხოს გახდის სკოლის წინ გზატკეცილზე მოძრაობას.

Wednesday, 21 November 2012

ქვემო ქართლში საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყო


ოქტომბრის თვეში დასრულებულ საგრანტო კონკურსში ქვემო ქართლის რეგიონში 7 პროექტი დაფინანსდა.  რეგიონში უკვე აქტიურად დაიწყო საგრანტო პროექტების განხორციელება. 20 ნოემბერს მარტყოფის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ლაშა ახობაძის ხელმძღვანელობით განახორციელა საგრანტო პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება“ პირველი აქტივობა - სკოლის პედაგოგმა მარიკა სოლღაშვილმა მარტყოფის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ტრენინგზე, რომელსაც ორივე სკოლიდან 34 მოსწავლე ესწრებოდა, განხილული იქნა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობა, ინფეციური დაავადებები და მათი გადადების გზები, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის მავნე გავლენა ორგანიზმზე. ტრენინგი ინტერაქტიულად მიმდინარეობდა, მოსწავლეების მხრიდან დიდი იყო ინტერესი განხილული საკითხებისადმი, გაიმართა დისკუსია მავნე ჩვევების შესახებ.
            ტრენინგს დაესწრო ქვემო ქართლში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პარტნიორი ორგანიზაციის სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის  წარმომადგენლები, რომლებმაც სამოქალაქო კლუბების წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებისა და ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ინტერკულტურული საღამოები

31 ოქტომბერს თბილისის ფრანგულ ინსტიტუტში მოეწყო ინტერკულტურული საღამო, რომელსაც გამარჯვების სკოლის 20-მდე მოსწავლე დაესწრო. საღამოს მიზანი იყო ფრანგული კულტურისა და ლიტერატურის გაცნობა. ინსტიტუტის მედიათეკამ ფრანგული ლიტერატურის კოლექცია გადასცა საჩუქრად მოსწავლეებს. 
6 ნოემბერს უკვე გამარჯვების სკოლაში მოეწყო ღონისძიება თემაზე "ლონდონი-პარიზი-თბილისი", რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა მასწავლებელმა შენკა მანგაჰასმა.
შემდგარი ღონისძიებებით მოსწავლეებმა უფრო მეტი შეიტყვეს ინგლისური და ფრანგული კულტურისა და ლიტერატურის შესახებ და მათი დაინტერესებაც გაიზარდა ამ მხრივ.

Monday, 19 November 2012

გამარჯვების სკოლა სტუმრად დამეგობრებულ კარაბულახის სკოლასთან

2012 წლის 6 ნოემბერს, გამარჯვების საჯარო სკოლის 20-მდე მოსწავლე  სტუმრობდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაბულახის საჯარო სკოლას. ეს სკოლები ჩართულნი არიან დამეგობრების პროგრამაში და სტუმრობის მიზანი გახლდათ ეროვნული უმცირესობების ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია, ურთიერთ ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა.  სოფლის მართლმადიდებლურ ტაძარში შესრულდა საგალობლები. ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია აზერბაიჯანელმა და ქართველმა მოსწაავლეებმა ერთად დაასუფთავეს. 
ამ ღონისძიების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩაატარა გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგმა ნარგიზა ჯაჭვაძემ, რომელიც ასევე მუშაობს კარაბულახის საჯარო სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის "ქართული, როგორც მეორე ენა'' ფარგლებში. 
ღია გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოეწყო ექსკურსია დმანისის ნაქალაქარზე. სულ ამ ღონისძიებაში ორივე სკოლიდან 60-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 
 2012 წლის მაისში, კარაბულახის სკოლამ  მსგავსი ვიზიტი განახორციელა გამარჯვების სკოლაში. 

Saturday, 17 November 2012

კლუბ "მთიების" წევრები სტუმრად ნორიოს ბავშვთა სახლში

13 ნოემბერს ნორიოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "მთიები" წევრები კლუბის მეურვესთან ერთად ესტუმრნენ ნორიოს ბავშვთა სახლს, სადაც დახვდათ 3 ბენეფიციარი და მათი აღმზრდელი. ეს შეხვედრა მიეძღვნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს. კლუბის წევრების სტუმრობის მიზანი იყო ბავშვთა სახლის თანატოლებთან დაახლოება, საუბარი თინეიჯერების პრობლემებზე, საერთო ინტერესებზე მუსიკისა დ ალიტერატურის განხრით. ბავთა სახლში გატარებულმა 2 საათმა ორივე მხარისთვის პოზიტიური შედეგი გამოიღო.

Thursday, 15 December 2011

სოც.ქსელების ტრენინგები სართიჭალის #1 საჯარო სკოლაში

13-14 დეკემბერს სართიჭალის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის ჩატარდა სოც.ქსელების ტრენინგი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთათვის ბლოგების შექმნის სწავლება. ტრენინგებს ესწრებოდა კლუბის 15 წევრი. ამ ტრენინგის საჭიროება გამოჩნდა კლუბის წევრებთან წინა დღეებში შემდგარი შეხვედრებისას, როდესაც მათ ინფორმაცია მიიღეს ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ბლოგერების კონკურსის შესახებ, რითაც ძალიან დაინტერესდნენ.
ტრენინგის ყველა მონაწილემ თავდაპირველად ელ.ფოსტა შეიქმნა gmail.com-ში, გაეცნო მასში მუშაობას, შემდეგ დარეგისტრირდა blogger.com-ზე და დაიწყო საკუთარი ბლოგების შექმნა. კლუბის წევრებმა შეისწავლეს ბლოგზე პოსტების დადება და ბლოგის გაფორმება სხვადასხვა გაჯეტებით. ასევე შეიქმნა კლუბ "All stars" ბლოგი, რომელზეც დაიდება ინფორმაციები კლუბის მიერ ჩატარებული აქტივობების შესახებ. 
ამ ტრენინგებით კიდევ ახალი ჯგუფი შეემატა ქართველ  ბლოგერებს.

Monday, 12 December 2011

შეხვედრა სამოქალაქო კლუბ "All Stars"-ის წევრებთან


12 დეკემბერს საკონსულტაციო შეხვედრა შედგა სართიჭალის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან. კლუბ "All Stars"-ის წევრებს დიდი სურვილი აქვთ აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და შეძლებისდაგვარად მოაგვარონ სკოლისა და თემის წინაშე არსებული ის პრობლემები, რომლებიც შეხვედრისას გამოიკვეთა. 
კლუბის წევრები გაეცვნენ უკვე დაფინანსებული გრანტების თემებს, რომლებიც განთავსებულია http://initiatives.ge/-ზე და გაუჩნდათ საგრანტო განაცხადის იდეებიც.  ასევე დაათვალიერეს http://civics.ge/ და მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროგრამა სხვა რეგიონებში, რა ღონისძიებები ხორციელდება სამოქალაქო კლუბების მიერ, ხოლო http://civic-siqa.blogspot.com/-ზე იხილეს უკვე ქვემო  ქართლის სამოქალაქო კლუბების მუშაობა.
ახლო  მომავალში კლუბი "All Stars"-ის ბლოგიც შეიქმნება, რომელზეც აისახება ყველა ის ღონისძიება, რასაც სართიჭალის №1 სამოქალაო კლუბი განახორციელებს.

Thursday, 8 December 2011

საკონსულტაციო შეხვედრები სართიჭალის №1 საჯარო სკოლაში

7-9 დეკემბერს მორიგი საკონსულტაციო შეხვედრები შედგა სართიჭალის №1 საჯარო სკოლაში, რომელზეც  სკოლის დირექტორს ირინა  მაისურაძესა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ლალი როსტიაშვილსა და ირმა წიკლაურს დამატებითი ინფორმაცია მიეწოდათ პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, მის მიმართულებასა და პრიორიტეტებზე, საგრანტო პროექტებსა და სოც.ქსელებში ინფორმაციის გავრცელებაზე.  ასევე ვორკშოპი ჩაუტარდათ საგრანტო განაცხადის აპლიკაციის შევსებაზე. სამოქალაქო განათლების პედაგოგები დარეგისტრირდნენ facebook-ის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე და გაეცნენ ფორუმის მონაწილეთა ნააზრევს. სკოლის სამოქალაქო კლუბი დაინტერესებულია საგრანტო პროექტებით და აპირებს საგაზაფხულოდ რამოდენიმე საგრანტო განაცხადის გაკეთებას.

საკონსულტაციო შეხვედრა სართიჭალაში

28 სექემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის №1 საჯარო სკოლაში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებისთვის. შეხვედრას დაესწრნენ სართიჭალის №1 და №2, ნორიოს, მარტყოფის №1 და მუღანლოს საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისულ 30მონაწილე. მათ მიიღეს ინფორმაცია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის, მისი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ. მონაწილეებს გადაეცათ საკანცელარიო და ნაბეჭდი მასალა, რაც დაეხმარებათ საკლუბო მუშაობაში.

Tuesday, 27 September 2011

საკონსულტაციო შეხვედრები გარდაბანში

22 სექტემბერს გარდაბნის 1-ელ საჯარო სკოლაში გაიმართა საგრანტო საკონსულტაციო შეხვედრა გარდაბნისა და კრწანისის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებისა და მეურვეებისათვის. 

Saturday, 17 September 2011

ახალგაზრდობის პრობლემების კვლევა გარდაბანში

16 სექტემბერს გარდაბნის 1-ელ საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებისათვის ახალგაზრდული პრობლემების კვლევა გარდაბნის ახალგაზრდებს შორის. შეხვედრა წარიმართა "კაფე - სუფრას" მეთოდით, მასში მონაწილეობას იღებდნენ 21 გარდაბნელი ახალგაზრდა - მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრები. გამოიკვეთა ახალგაზრდების წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემები - არასაკმარისი ყურადღება უნარშეზღუდული ადამიანებისადმი, უმაღლესი განათლების ხელმიუწვდემელობა, უმუშევრობა, არასაკმარისი სპორტული ცენტრები, არაფორმალური განათლების ნაკლებობა. 

შეხვედრას ესწრებოდა 21 გარდაბნელი უფროსკლასელი მოსწავლე. შეხვედრას უძღვებოდნენ სიქა-ს ახალგაზრდული მუშაკები მარი აბულაძე და კახა ფაშურიშვილი.

Thursday, 21 April 2011

საკონსულტაციო შეხვედრა სამოქალაქო კლუბებსა და საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით

20 აპრილს ქ.გარდაბნის №1 საშუალო სკოლაში ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრა სამოქალაქო კლუბებსა და საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ  გარდაბნის №1, სოფელ ვახტანგისისა და ლემშვენიერას  საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ორგანიზაცია სიქა-ს კონსულტანტებმა მიაწოდეს დამატებითი ინფორმაცია პროგრამის მიმართულებების შესახებ, ისაუბრეს თუ რა სახის ღონისძიებების ჩატარება შეუძლიათ სამოქალაქო კლუბებში. ასევე განიხილეს საგრანტო განაცხადების ახალი თემები. შეხვედრის დასასრულს მასწავლებლებს გადაეცათ ბაინდერები, რომლებშიც განათავსებენ  ინფორმაციებს სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. 

Thursday, 24 March 2011

პროგრამის პრეზენტაცია გარდაბნის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებისთვის

23 მარტს გარდაბნის რესურს-ცენტრში მოეწყო „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის „ პრეზენტაცია.  პრეზენტაციას ესწრებოდნენ გარდაბნის რაიონის 38 საჯარო სკოლის დირექტორები. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია პროგრამის მიმართულებების შესახებ, პროგრამაში ჩართული სკოლების  წარმომადგნელებს გადაეცათ პროგრამის პოსტერები, პროგრამის დეტალური აღწერა და სამაგიდო კალედრები. დაიგეგმა  პროგრამაში ჩართული გარდაბნის რაიონის საჯარო სკოლებში ადგილზე ვიზიტები და პრეზენტაციები სკოლების მოსწავლეთათვის.